ალ-აქსას მეჩეთთან ისრაელელ პოლიციელებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები დაიწყო

საქართველო, თბილისი - 17:16 | 21.05.2021
ნანახია: 759

იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთის ტერიტორიაზე ისრაელელ პოლიციელებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებებია.

გავრცელებული ინფორმაციით, ლოცვის დასრულებისთანავე დაიწყო მასობრივი არეულობები ტაძრების მთაზე. ისრაელის პოლიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ მოქალაქეები ქვებით დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ცრემლსადენი გაზით არეულობების მონაწილეების დაშლა დაიწყეს.

ადგილობრივების განცხადებით კი,  მლოცველები გალობდნენ, რა დროსაც ისრაელის პოლიცია მეჩეთში შეიჭრა და მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი და საკვამლე ყუმბარები გამოიყენა.

21 მაისს, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე ისრაელსა და ჰამასს შორის ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტას. მხარეებმა ეგვიპტის შუამავლობით საზავო შეთანხმებას 20 მაისს, საღამოს მიაღწიეს 

ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა. ესკალაციის განახლებიდან ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან გაშვებულია 4 ათასამდე რაკეტა. მათი უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. 11-დღიანი კონფლიატის შედეგად ღაზაში დაიღუპა 230 ადამიანი, ისრაელში კი ღაზას სექტორიდან ნასროლ რაკეტებს 12 ადამიანი ემსხვერპლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე