კბილებს დავულეწავთ ყველას, ვინც რუსეთის კბენას შეეცდება - პუტინი

საქართველო, თბილისი - 19:33 | 20.05.2021
ნანახია: 628

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ყველას მკაცრად უპასუხებს, ვინც რუსეთის ტერიტორიის ხელყოფას შეეცდება. „კბილებს დავულეწავთ ყველას, ვინც რუსეთის კბენას შეეცდება. ამის გარანტია ჩვენი სამხედრო ძალაა“, - თქვა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი როგორც კი ძლიერდება, ოპონენტებს უჩნდებათ საბაბი, შეზღუდონ მისი განვითარება.  

 „რა თქმა უნდა, კოლოსალური პოტენციალი გვაქვს. გვაქვს ქვეყანა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტერიტორიით - 146 მლნ მცხოვრებით. თითქოს ეს არც ისე ბევრია სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც ასობით მლნ მოქალაქე ცხოვრობს, ზოგან კი მათი რაოდენობა მილიარდს სცდება. მაგრამ ეს მაინც ბევრად მიიჩნევა. და ვიღაც ბედავს საჯაროდ იმის თქმას, რომ უსამართლობაა რუსეთი ფლობდეს ისეთ მდიდარ რეგიონს, როგორიც ციმბირია“, - თქვა პუტინმა.

პუტინი ამბობს, რომ რუსეთი არ აპირებს ეკონომიკის მილიტარიზაციის გზაზე სიარულს. მისი თქმით, ქვეყანამ მიმდინარე წელს თავდაცვის ხარჯებისთვის 42 მლრდ დოლარი გამოყო, მაშინ როცა აშშ-ის სამხედრო ხარჯები 770 მლრდ დოლარზე მეტია.

მისივე თქმით, რუსეთის არმიას აქვს ყველაზე თანამედროვე ბირთვული ძალა. 

"ჩვენ გვაქვს ზოგადად ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღი, კონტინენტური დიაპაზონის მფრინავი ბლოკი, ავანგარდი, ჰიპერსონიკური სიჩქარით. არავის აქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჰიპერსონიკური იარაღები", - თქვა მან.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის შეკავების მცდელობები გრძელდება, რადგან მის ოპონენტებს "ასეთი ქვეყანა უბრალოდ არ სჭირდებათ".

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე