ევროკავშირი სრულად ვაქცინირებულ მოგზაურებს საზღვრებს გაუხსნის

საქართველო, თბილისი - 15:49 | 19.05.2021
ნანახია: 721

დღეს, ევროკავშირის ქვეყნები სრულად ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრების გახსნაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას New York Times-ი ავრცელებს.

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ასევე შეთანხმდნენ საზღვრების გახსნაზე იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უსაფრთო ქვეყნებად იქნებიან მიჩნეულნი.

ეპიდემიოლოგიურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით უსაფრთხო ქვეყნების სიის შემუშავება საბოლოოდ დასრულდება პარასკევს, ხოლო ახალი ზომები შესაძლოა ამოქმედდეს უკვე შემდეგი კვირიდან.

ახალი წესების მიხედვით, ევროკავშირი მიიღებს ვიზიტორებს, რომლებიც ვაქცინირებულნი იქნებიან ეროვნული მარეგულირებლებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული პრეპარატებით. მათ შორის არის ფაიზერის, მოდერნას, ჯონსონ ენდ ჯონსონის, ასტრაზენეკასა და სინოფარმის პრეპარატები.

მიუხედავად ერთობლივი შეთანხმებისა, ბლოკის ცალკეული წევრები შეინარჩუნებენ უფლებამოსილებას, თავად გადაწყვიტონ, კვლავ ძალაში დატოვებენ თუ არა საზღვარზე უარყოფითი PCR ტესტის წარდგენისა და საკარანტინო მოთხოვნებს.

ამასთან, ევროკავშირი იტოვებს უფლებას, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეცვალოს აღნიშნული გადაწყვეტილება და კვლავ აამოქმედოს შეზღუდვები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე