ემანუელ მაკრონმა და ჟან კასტეკსმა საფრანგეთში შეზღუდვების მოხსნა კაფეს ტერასაზე ყავით აღნიშნეს

საქართველო, თბილისი - 14:34 | 19.05.2021
ნანახია: 642

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ჟან კასტეკსმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული რიგი შეზღუდვების მოხსნა ელისეის სასახლესთან მდებარე ერთ-ერთი კაფეს ტერასაზე ყავით აღნიშნეს.

 „ჩვენ აქ ვართ! ტერასები, მუზეუმები, კონოთეატრები, თეატრები... მოდით დავაბრუნოთ ის, რაც ჩვენი ცხოვრების წესს შეადგენს“, - დაწერა მაკრონმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“. მან ასევე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მაკრონი  კასტეკსთან ერთად ტერასაზე იმყოფება.

ვიდეოში, ჩანს,რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა თითი-თითო ფინჯანი ყავა შეუკვეთეს, ისინი იცინიან და მიმტანს ესაუბრებიან, რომელიც მათ ემსახურება.

დღეიდან, 19 მაისიდან,  საფრანგეთში შეზღუდვების მოხსნის მეორე ეტაპი დაიწყო. კერძოდ, კომენდანტის საათმა 19.00-დან 21.00-მდე გადაიწია. რესტორნებსა და კაფეებს უფლება აქვთ მომხმარებლებს ტერასებზე უმასპინძლონ. თუმცა მაგიდის გარშემო 6 კაცზე მეტის დაჯდომა აკრძალულია. მეორე ეტაპზე ასევე გაიხსნა მაღაზიები, მუზეუმები, ღირშესანიშნაობები, კონოთეატრები და თეატრები.

9 ივნისიდან ამოქმედდება შეზღუდვების მოხსნის მესამე ეტაპი. კომენდანტის საათი 23.00-დან დაიწყება. რესტორნები და კაფეები მომხმარებლების მიღებას ტერასების გარდა შიდა სივრცეებშიც შეძლებენ. ამუშავდება სპორტული დარბაზებიც. მოსალოდნელია რომ საფრანგეთში უცხოელ ტურისტებსაც მიიღებენ.

შემდეგი ეტაპი კი 30 ივნისისთვისაა დაგეგმილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე