უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვაქცინაციის პროცესის წარუმატებლობის გამო გადააყენეს

საქართველო, თბილისი - 12:48 | 19.05.2021
ნანახია: 423

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, უმაღლესმა რადამ ხმა მისცა ჯანდაცვის მინისტრის მაქიმს სტეპანოვის გადაყენებას კორონავირუსის პანდემიის ფონზე განხორციელებული ქმედებების გამო.

დეპუტატებმა ასევე დაამტკიცეს უკრაინის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების გადადგომა.

კანონმდებლებმა სტეპანოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას კენჭი უყარეს 292 ხმით, ერთის წინააღმდეგ. ის გახდა უკრაინის ჯანდაცვის მესამე მინისტრი, რომელიც ქვეყანაში COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ გაათავისუფლეს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა, რომელიც სტეპანოვის გადაყენების ინიციატორი იყო, დეპუტატებს განუცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრი პასუხისმგებელია ვაქცინაციის "არადამაკმაყოფილებელ მაჩვენებლებსა" და ვაქცინების შეძენის პრობლემებზე.

უკრაინა ევროპაში პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორისაა. ქვეყანაში რეგისტრირებულია დაავადების ორ მილიონზე მეტი შემთხვევა, 48 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე