საქართველოს, უკრაინისა და მოლოდვას მიერ "ასოცირებული ტრიოს" შექმნა, მტრული ალიანსებით რუსეთისთვის ალყის შემოვლების მცდელობაა - ელენა პანინა

საქართველო, თბილისი - 23:39 | 17.05.2021
ნანახია: 638

რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის წვერმა ელენა პანინამ განაცხადა, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლოდვას მიერ ასოცირებული ტრიოს შექმნა წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ სანიტარული კორდონის კიდევ ერთი  ხაზის გავლების მცდელობას პოსტსაბჭოთა სივრცის სამხრეთ ნაწილში. მისივე თქმით, სამი ქვეყნის ამგვარი გაერთიანება აშშ-ის მითითებების შესრულებას ნიშნავს. 

როგორც პანინამ აღნიშნა, გაერთიანების საქმიანობას არანაირი კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციასთან, რომლის შანსები, მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოსთვის ნულის ტოლია, მოლდოვასთვის კი აქტუალური მხოლოდ მაშინ გახდება, როდესაც რუმინეთს შეუერთდება.

„სინამდვილეში ეს არის რუსეთის წინააღმდეგ პოსტსაბჭოთა სივრცის სამხრეთ ფლანგზე სანიტარული კორდონის ხაზის გავლების მცდელობა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ყბადაღებული ანაკონდას სტრატეგიის რეალიზაციის, მტრული ალიანსებით რუსეთისთვის ალყის შემოვლების მცდელობა. სწორედ ამგვარ მიზანს ესახურებოდა სუამი (დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია) სააკაშვილის პერიოდიდან და ახლაც საქმე გვაქვს  ამ აგრესიული პროექტის გადატვირთვასთან“,- აღნიშნა პანინამ.

დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აურელიუ ჩაოკოიმ კიევში ხელი მოაწერეს ევროკავშირის სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე