ისრაელი აცხადებს, რომ თავის სუვერენიტეტს დაიცავს

საქართველო, თბილისი - 00:05 | 12.05.2021
ნანახია: 1310

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბი აშკენაზიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან საუბრისას განაცხადა,რომ ისრაელი იტოვებს უფლებას დაიცვას თავისი სუვერენიტეტი.

„ახლახან ვესაუბრე სახელმწიფო მდივან ბლინკენს. მე მას ვუთხარი,რომ ისრაელი იტოვებს უფლებას დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და არ დაუშვას თავისი მოქალაქეებისთვის ზიანის მიყენების მცდელობა“, - დაწერა აშკენაზიმ Twitter-ზე.

ბოლო წლების უდიდესი ესკალაცია ღაზის სექტორის საზღვარზე ორშაბათს, 10 მაისს 18 საათის შემდეგ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 600 რაკეტა ისროლეს, მათ შორის 200, ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანადგურა.

გასული ღამის შემდეგ პალესტინის ანკლავის მიმდებარე ქალაქებში განგაშის სირენების ხმა არ წყდება. შუადღისით ღაზის სექტორიდან ჰამასმა და ისლამურმა ჯიჰადმა დაიწყეს ქალაქ აშდოდის დაბომბვა, ამ დრომდე სირენების ხმა ისმის თელ-ავივშიც. გავრცელებული ინფორმაციით, თელ-ავივის გარეუბანში ღაზის სექტორიდან ნასროლი რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა მკაცრად დაგმოს ღაზის სექტორიდან სარაკეტო თავდასხმები ქვეყნის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროს ისრაელის თავდაცვის უფლებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე