ღაზის სექტორიდან ნასროლმა რაკეტამ ისრაელის ორი მოქალაქე იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 18:26 | 11.05.2021
ნანახია: 428

ღაზის სექტორიდან ნასროლმა რაკეტამ ისრაელის ქალაქ აშქელონში ორი ადამიანი იმსხვერპლა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რასაც ორი ქალის გარდაცვალება მოჰყვა.  

ღაზის სექტორიდან ჰამასი და ისლამური ჯიჰადი 10 მაისის 18 საათიდან ისრაელს მასირებულად ბომბავს. ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან გაშვებულია 200-ზე მეტი რაკეტა. ისრაელის არმიამ საპასუხოდ გაანადგურა 130-ზე მეტი სამიზნე ანკლავის ტერიტორიაზე და ტერორისტული დაჯგუფების 15 წევრი. სარაკეტო იერიში დღეს დილიდან გაგრძელდა. განგაშის სიგნალების ხმა ისმოდა ღაზას სექტორის მიმდებარე დასახლებულ პუნქტებსა და ქალაქ აშქელონში.

დაძაბულობა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა მკაცრად დაგმოს ღაზის სექტორიდან სარაკეტო თავდასხმები ქვეყნის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროს ისრაელის თავდაცვის უფლებას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე