რუსეთს უკრაინის საზღვართან ისევ განლაგებული ჰყავს 100 ათასამდე ჯარისკაცი

საქართველო, თბილისი - 17:23 | 11.05.2021
ნანახია: 453

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსული სამხედროებისა და ტექნიკის რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება არ ფიქსირდება. უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ივან ბაკანოვის ინფორმციით კი  რუსეთს უკრაინის საზღვართან  და ოკუპირებულ ყირიმში ჯერ კიდევ ჰყავს დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი განლაგებული.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა ათი ათასობით ჯარისკაციდან მხოლოდ 3 500 სამხედრო გაიყვანა.

„რუსეთმა დაახლოებით 3 500 ჯარისკაცი გაიყვანა უკან, მაგრამ ეს კონტინგენტი მხოლოდ ის არის, რომელიც ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, უფრო დიდი რაოდენობით კონტინგენტის გასვლა არ გვინახავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ის აღნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვრიდან ძალიან ნელი ტემპებით გადიან.

„რაც შეეხება უკრაინისა და რუსეთის საზღვართან განლაგებულ კონტინგენტსა და ტექნიკას - შემცირებას ვერ ვაფიქსირებთ. ისინი უკან ძალიან ნელი ტემპებით გადიან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა მარტის ბოლოს დაიძაბა. 26 მარტს სოფელ შუმასთან სეპარატისტების მიერ გახსნილი საარტილერიო ცეცხლით 4 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. უკრაინის სეპარატისტულ ტერიტორიებსა და ქვეყნის საზღვრებზე რუსეთმა სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები განალაგა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე