ხვალიდან გაიმართება კონსულტაციები უშუალოდ პარტიაში და იმ პირებთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ - მელია ენმ-ს პარლამენტში შესვლაზე

საქართველო, თბილისი - 19:01 | 10.05.2021
ნანახია: 556

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებს.

როგორ მელიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ხვალიდან პარტიაში კონსულტაციები გაიმართება.

„ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები პირველ რიგში უშუალოდ პარტიაში და ასევე, ყველა იმ პირთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას დასჭირდება არა ერთი დღე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. ვიცი, რომ პარტიაში არის განსხვავებული პოზიციები ამ საკითხზე. პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით. ამ საკითხების დეტალურად გავლას ვაპირებ. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გაგცემთ. გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, რაციონალური. ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვიქნები, რადგან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე. ჩემი რწმენით, ჩვენ პერიოდულად გვავიწყდება რა დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით. დარწმუნებული ვარ, არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშია“, – განაცხადა მელიამ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ციხე დატოვა. რუსთავის ციხესთან მელიას თანაპარტიელები და მხარდამჭერები დახვდნენ.

საქალაქო სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ფორმა, პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი დღეს შეცვალა. შედეგად ნიკა მელია დღესვე, 10 მაისს გათავისუფლდა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან.

8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე