დაბალშემოსავლიანმა ქვეყნებმა უარი თქვეს Pfizer-ის ვაქცინის შეძენაზე - Pfizer-ის ხელმძღვანელი

საქართველო, თბილისი - 18:39 | 08.05.2021
ნანახია: 488

დაბალშემოსავლიანმა ქვეყნებმა უარი თქვეს Pfizer/BioNTech-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შეძენაზე. ამის შესახებ ნათქვამია კორპორაცია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას წერილში, რომელიც მან თანამშრომლებს გაუგზავნა. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

წერილში ბურლა აღნიშნავს, რომ ვაქცინის დოზების უმეტესობა მაღალშემოსავლიანმა ქვეყნებმა დაარეზერვეს, რის გამოც ის უკავშირდებოდა დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ლიდერებს და სთავაზობდა ვაქცინების დარეზერვებას.

როგორც ბურლა წერს, დაბალშემოსავლიანი ქვეყნების უმეტესობამ ვაქცინების სხვა მწარმოებლებისთვის შეკვეთა ამჯობინა, რადგან მათი თქმით, ფაიზერის ვაქცინის წარმოების ტექნოლოგია არ იყო სათანადოდ გამოცდილი, ან ადგილობრივი წარმოების ვაქცინების სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი.

ალბერტ ბურლა წერილში ასევე აღნიშნავს, რომ კორპორაციას ვაქცინის ფასის განსხვავებული მოდელები აქვს - საშუალოშემოსავლიან ქვეყნებს შეეძლოთ ვაქცინის შესაძენად იმ ფასის ნახევარი გადაეხადათ, რასაც მაღალშემოსავლიანი ქვეყნები იხდიდნენ, ხოლო დაბალშემოსავლიან ქვეყნებს ვაქცინის თვითღირებულების გადახდას სთავაზობდნენ.

წერილში ფარმაცევტული კორპორაციის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მილიარდზე მეტი დოზას საშუალო და დაბალშემოსავლიანი ქვეყნები მიიღებენ.

ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა ინიციატივას ვაქცინების ინტელექტუალური საკუთრების გაუქმების შესახებ, რაც წარმოების ფორმულას ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის და გააფართოებს ვაქცინებზე გლობალურ ხელმისაწვდომობას.

ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების გაუქმების ინიციატიავას არ ეთანხმება ფარმაცევტული მწარმოებლებისა და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია. ამ ინიციატივას არ იზიარებს კორპორაცია ფაიზერის ხელმძღვანელიც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე