„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო არ დაადო

საქართველო, თბილისი - 20:45 | 07.05.2021
ნანახია: 870

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ვეტო არ დაადო. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის განცხადებით, ის იზიარებს ოპოზიციის მიერ გამოთქმულ შენიშვნებს პოლიტიკურ მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, თუმცა სამართლებრივი თვალსაზრისით ცვლილებები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, შესაბამისად, ვეტოს გამოყენების საფუძველი არ არსებობს.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყო" - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 29 აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითიც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე