პრეზიდენტი "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს ხვდება

საქართველო, თბილისი - 17:28 | 07.05.2021
ნანახია: 622

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში "ქართლი ოცნების" წარმომადგენლებს, მამუკა მდინარაძესა და მიხეილ სარჯველაძეს ხვდება.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

სავარაუდოდ, პრეზინდენტი მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით მართავს, რაზეც ოპოზიცია პრეზიდენტისგან ვეტოს უფლების გამოყენებას ითხოვს.

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხზე გუშინ უკვე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართა "გირჩის", "მოქალაქეების", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელო - საქართველოსათვის", "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერებთან: იაგო ხვიჩიასთან, ლევან იოსელიანთან, გიორგი ვაშაძესთან, დავით უსუფაშვილთან, კახა კოჟორიძესთან, ხათუნა სამნიძესთან და დეპუტატ სალომე სამადაშვილთან.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 29 აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითიც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე