ივანიშვილის რეჟიმის უტიფრობას ხელი შეუწყო ოპოზიციის მძიმე შეცდომამ - ბოკერია ამნისტიის კანონპროექტზე

საქართველო, თბილისი - 20:30 | 04.05.2021
ნანახია: 377

ივანიშვილის რეჟიმის უტიფრობას სამწუხაროდ, ხელი შეუწყო იმ მძიმე შეცდომამ, რომელიც დაუშვა ჩვენი პარტნიორების ნაწილმა ოპოზიციიდან, როდესაც ასე ნაჩქარევად და გაუაზრებლად მოაწერა ხელი დოკუმენტზე, - განაცხადა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ქართული ოცნების მიერ დაინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის შეფასებისას.

"ივანიშვილის რეჟიმის, მისი გარემოცვის უტიფრობა და უსინდისობა მოულოდნელი, სამწუხაროდ, არ არის. კიდევ ურო სამწუხაროა, რომ მათ ხელი შეუწყო ამაში იმ მძიმე შეცდომამ, რომელიც დაუშვა ჩვენი პარტნიორების ნაწილმა ოპოზიციიდან, როდესაც ასე ნაჩქარევად და გაუაზრებლად მოაწერა ხელი დოკუმენტზე, როგორც დიდ შეთანხმებაზე და გამოაცხადა ეროვნულ შერიგებად.

სამწუხაროდ, უკვე ვხედავთ შედეგებს, რომ ამ ამბავმა კი არ დაძრა კრიზისიდან გამოსვლის პროცესი, უბრალოდ, დამატებითი ინსტრუმენტები მისცა, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების უტიფრობის პირობებში, ამ რეჟიმს, რომ კიდევ უფრო გააღრმაოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უნდობლობა ყველაფრის მიმართ. ეს არის ამ რეჟიმის სახე, ამიტომ იყო შეცდომა ამ სტრატეგიით და ტაქტიკით მიდგომა ოპოზიციის ნაწილისგან და ამიტომ ვიყავით ჩვენ, ევროპული საქართველო, ამის წინააღმდეგი". – ამბობს გიგა ბოკერია.

ამნისტიის შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემული ყველა პირი, ვინც თავად არ აცხადებს უარს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

პროექტის მიხედვით, ამნისტია არ ეხებათ იმ პირებს, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის ისეთი მუხელბით, როგორიცაა 117-ე, 144/1-ე და 144/3-ე მუხლები, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, წამებას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

პროექტის მიხედვით, ამნისტია ვრცელდება ასევე ამავე პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამო პირობთი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირებზე, ასევე დანაშაულის მომზადება-მცდელობაში მხილებულ პირებზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე