ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს - კარლ ჰარცელი

საქართველო, თბილისი - 12:39 | 03.05.2021
ნანახია: 463

პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომლის წლევანდელი თემა არის „ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთეა“, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა.

ჰარცელი ამბობს, რომ ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა „ვაქცინაა“ დეზინფორმაციის წინააღმდეგ. 

„დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ჩვენ ვიძირებით ინფორმაციის ნაკადში, ეს განსაკუთრებით Covid-19-თან დაკავშირებულ „ინფოდემიას“ ეხება. აღნიშნულ კონტექსტში, ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის „ვაქცინა“ დეზინფორმაციის წინააღმდეგ; ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. მადლობა მინდა, გადაგიხადოთ თქვენი ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას და იცავს თქვენს თავისუფლებას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვისაა აუცილებელი“,- განაცხადა ჰარცელმა.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაშია ნათქვამი, ტრადიციისამებრ, კარლ ჰარცელმა ისარგებლა ამ შესაძლებლობით და გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოსაპოვებლად.

„დღეს ჩვენ უკვე მეცხრედ ვაცხადებთ კონკურსს ჟურნალისტიკაში ევროკავშირის პრიზის მოსაპოვებლად. პრიზის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათი დაჯილდოება. ერთი თვის წინ დავაჯილდოვე ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2020 წლის პრიზის გამარჯვებულები იმ შესანიშნავი ნამუშევრებისთვის, რომლებშიც კარგად ჩანდა ქართული საზოგადოებისათვის აქტუალური და კომპლექსური თემებისა და გამოწვევების ღრმა ცოდნა“,- განაცხადა ჰარცელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე