აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო

საქართველო, თბილისი - 22:23 | 29.04.2021
ნანახია: 527

შეერთებული შტატების საელჩო იმედგაცრუებულია საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საელჩოს განცხადებით, ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო.

"ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას. „ქართულ ოცნებას“, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით განახორციელოს 19 აპრილის შეთანხმება და მართოს გამჭრვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა.

საქართველოში ახლა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტია, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით "ქართულმა ოცნებამ", ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 29 აპრილს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რითიც გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე