კელი დეგნანი ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა

საქართველო, თბილისი - 18:50 | 29.04.2021
ნანახია: 394

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან იმყოფებოდა. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან თითქმის ცამეტი წლისთავზე ელჩი დეგნანი ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად ენგურის ხიდის გამშვებ პუნქტთან ჩავიდა. ვიზიტის მეშვეობით საკუთარი თვალით იყო შესაძლებელი იმ საზიანო გავლენის ხილვა, რომელიც ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ადამიანებზე მიმდინარე ოკუპაციას აქვს, ამასთან, კიდევ ერთხელ მოხდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება.

რუხის საავადმყოფოში ელჩმა სამედიცინო პერსონალისგან მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ეხმარება მათ საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისი სამეგრელოსა და აფხაზეთიდან COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში.

ასევე, ელჩი დეგნანი რუხის საჯარო სკოლაში ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა და სხვადასხვა ასაკის ადამიანებისგან მოისმინა, როგორ გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე, მუშაობასა და სწავლაზე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთის შეზღუდვები.

ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრისას ელჩმა განიხილა რეგიონის უნიკალური გამოწვევები და ისაუბრა აფხაზეთში მაცხოვრებელთათვის აუცილებელი მომსახურების გასაწევად ჰუმანიტარული დერეფნის მნიშვნელობაზე და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებთა მხარდასაჭერად შეერთებულ შტატებთან სამომავლო თანამშრომლობის პოტენციურ სფეროებზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე