პირველი და ძალიან ნათელი შედეგი შეთანხმების - სალომე სამადაშვილი გიორგი რურუას შეწყალებაზე

საქართველო, თბილისი - 18:33 | 27.04.2021
ნანახია: 817

პირველი და ძალიან ნათელი შედეგი იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო თანამონაწილეობით, - განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, გრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია.

"პირველი და ძალიან ნათელი შედეგი იმ შეთანხმების, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უშუალო თანამონაწილეობით. ძალიან ბევრი ადამიანი გასული დღეების მანძილზე ძალიან უსაფუძვლოდ და დაუმსახურებლად გვაკრიტიკებდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც მივიღეთ ეს ძალიან გაგებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს, როდესაც ისინი ნახავენ, რომ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებასაც ჩვენ წელიწადნახევარია ვითხოვთ, მართლაც იქნება გათავისუფლებული, ის სკეპტიკოსები, რომლებიც გასული დღეების მანძილზე თავს გვესხმოდნენ, მიხვდებიან, რომ ეს იყო შეცდომა. ჩვენ ახლა ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მეორე პოლიტპატიმარი ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს და ჩვენ დავხუროთ საერთოდ ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნის პრობლემა. ყოველ შემთხვევაში, შემდეგ არჩევნებამდე მაინც მივიდეთ ისე, რომ შემდეგ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა შექმნას საფუძველი უკვე ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლისთვის", - თქვა სამადაშვილმა ბრიფინგზე.

პრეზიდენტმა დღეს გიორგი რურუა შეიწყალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე