უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა საიდუმლო მასალები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შესახებ

საქართველო, თბილისი - 21:49 | 26.04.2021
ნანახია: 691

ჩერნობილის ატომურ ელეტქროსადგურზე მომხდარი ავარიიდან 35 წლის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ავარიასთან დაკავშირებული საიდუმლო მასალები. კერძოდ, საუბარია, პირველ ანგარიშზე აფეთქების შესახებ, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დირექტორმა ვიქტორ ბრიუხანოვმა მოამზადა. ასევე ავარიის მომენტში სადგურის ოპერატორების საუბრებისა და ქალაქ პრიპიატის 44 ათასი მცხოვრების ევაკუაციაზე.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ყურადღებას ამახვილებს „სხვა ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება მალავდა“. მაგალითად, მტკიცებულება იმისა, რომ 1986 წლის 26 აპრილამდეც  ხდებოდა ავარიები. 1982 წელს პირველ ენერგობლოკზე მოხდა „რადიოაქტიური ნივთიერების მნიშვნელოვანი გაჟონვა“, მაგრამ „კაგებეს“ ანგარიში მთავრდება ჩვეული ფრაზით: „მიღებულია ზომები პანიკისა და პროვოკაციული ჭორების თავიდან ასაცილებალდ“, - წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური. 1984 წელს კი ავარია მოხდა მესამე და მეოთხე ენერგობლოკებზე.

ამის გარდა, 1983 წელს „მოსკოვის ხელმძღვანელობამ მიიღო ინფორმაცია, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური წარმოადგენს საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ატომურ სადგურს უსაფრთხოების საშუალებების არარსებობის გამო“, ამასთან, „ავარიის შემთხვევაში რადიოაქტივობა შეფასებული იყო 60-ჯერ ძლიერად, ვიდრე ჰიროსიმასა და ნაგასაკში ატომური ბომბების აფეთქებისას იყო“, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში.

უწყება ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 1986 წლის 8 ივლისს გაიცა დირექტივა, რომელიც ასაიდუმლოებდა ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის დეტალებს, ასევე მიზეზებს, ნგრევის ხასიათს, აფეთქების შედეგად ჰაერში ამოფრქვეული ნივთიერების შემადგენლობას, რადიაციულ მდგომარეობას, სალიკვიდაციო სამუშაოების მასშტაბებსა და დაავადების სტატისტიკას.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ყურადღებას ამახვილებს „კაგებეს“ საიდუმლო ანგარიშზე წარმატებული სპეცოპრაციის შესახებ, რომლის ფარგლებშიც 1987 წლის ოქტომბერში ქალაქ პრიპიატის ნიადაგისა და წყლის ნიმუშები, რომლის საზღვარგარეთ გატანა ფრანგ ჟურნალისტს ჟან პიერს სურდა, შეიცვალა რადიოაქტიურად სუფთა ნიმუშებით.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე