"ლელომ" ევროპარლამენტარებს ნიკა მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შესაცვლელად თავდებში დადგომა შესთავაზა

საქართველო, თბილისი - 18:53 | 22.04.2021
ნანახია: 495

„ლელო საქართველოსთვის“ ევროპარლამენტარებს სთავაზობს, თავდებში დაუდგნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რათა დაუყოვნებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება და იგი პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

ბრიუსელში „ლელოს“ ლიდერები მეორე დღეა შეხვედრებს მართავენ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ევროპარლამენტარები მზად არიან ჩაერთონ ამ ინიციატივაში. ასევე მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ ინიციატივას დადებითად მიიღებს საქართველოს ხელისუფლებაც.

„სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული. შესაბამისად, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას. ასევე ლელოც მზად არის შეურთდეს ევროპარლამენტარების თავდებობას.

იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას ასევე დადებითად მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და დროულ რეაგირებას მოახდენენ შესაბამისი უწყებები, ვისაც გააჩნია საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება.

“ლელო” იმედოვნებს, რომ ჩვენი ეს ინიციატივა იქნება არსებული დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე