აუცილებელია მხარეებმა მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირსა და აშშ-სთან კოორდინაციით აწარმოონ - სენატორები

საქართველო, თბილისი - 13:42 | 18.04.2021
ნანახია: 413

აუცილებელია მხარეებმა მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირსა და აშშ-სთან კოორდინაციით აწარმოონ - აცხადებენ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი უფროსი წევრი სენატორი რონ ჯონსონი, "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ წერილობით კომენტარში.

"სენატორები იმედს იტოვებენ, რომ მიმდინარე ჩიხური პოლიტიკური სიტუაციის სწრაფად გადაჭრას იხილავენ იმისთვის, რომ საქართველოს კანონმდებლებმა შეძლონ საკუთარი ყურადღების ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამახვილება. აუცილებელია ორივე მხარემ მოლაპარაკება კეთილსინდისიერად და ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით აწარმოოს ძლიერი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული დემოკრატიის შესაქმნელად", - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება.

შეხვედრას, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, ასევე დაესწრებიან ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი.

გუშინ, ევროკავშირის წარმომადგენლობისა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც პოლიტიკურ მხარეებს კიდევ ერთხელ მიანიშნეს კომპრომისის აუცილებლობის თაობაზე.

"მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას", - იუწყებოდნენ ელჩები განცხადებაში.

შეგახსენებთ, 16 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" ხელი მოაწერა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს.

ოპოზიცია დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერას არ აპირებს, ვიდრე მასში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი არ დაზუსტდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე