ოპოზიცია 19 აპრილს რიყეზე შეიკრიბება და მოსახლეობას 15 მაისს დაგეგმილი აქციის სტრატეგიას წარუდგენს

საქართველო, თბილისი - 18:02 | 17.04.2021
ნანახია: 485

ოპოზიცია 19 აპრილს რიყეზე შეიკრიბება და მოსახლეობას ახალ შტაბსა და 15 მაისს დაგეგმილი აქციის სტრატეგიას წარუდგენს. ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა.

როგორც ნათელაშვილი ამბობს, დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ 15 მაისს დაგეგმილი აქციის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

"19 აპრილს მოხდება, საერთო ოპოზიციური პოლიტელიტის შეკრება, რიყეზე, ამფითეატრში, სადაც იქნება ის სტრატეგია ხმამაღლა გაჟღერებული, თუ რას ვაპირებთ 15 მაისს. ხოლო, 15 მაისს მთელ საქართველოს ველოდებით რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ამის სწორი დაგეგმვისათვის, დღეს ჩატარდა აუცილებელი ღონისძიებები და გაიცვალა ის აზრები, რომელიც საჭირო იყო გაერთიანებულიყო", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმაზე, რომ მიმართონ სახელმწიფო დეპარტამენტს და ევროკავშირს, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზე.

"ვიმსჯელეთ იმაზე, რომ დადგა დრო, მივმართოთ სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროპის კავშირს, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაზე, რაც დააჩქარებს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ცივილიზებულად და სამართლიანად. თუნდაც იმით, რომ ჩვენგან მიტაცებული მილიარდები იქნება გაყინული და მერე დაბრუნებული საქათველოს ბიუჯეტში. ამ საკითხზე შედგება სათანადო პროექტი, რასაც წარვუდგენთ მსოფლიო თანამეგობრობას", - განაცხადა ნათელაშვილმა.

ფოტო: მთავარი არხი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე