5 დღიანი ჩაკეტვის შემდეგ კობი-გუდაურის მონაკვეთი გახსნილია

საქართველო, თბილისი - 17:39 | 28.01.2016
ნანახია: 1740

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთი 5 დღიანი ჩაკეტვის შემდეგ გახსნილია.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურებმა, ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსნისთანავე ჩაატარა გაწმენდითი სამუშაოები, რის შედეგადაც მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნებადართულია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

კობი-გუდაურის მონაკვეთი გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, 23 იანვარს, გვიან ღამით ჩაიკეტა და ამ დრომდე საქართველო-რუსეთს შორის საავტომობილო მიმოსვლა შეჩერებული იყო. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალული იყო გაწმენდითი სამუშაოების წარმოებაც.

ამ დროისათვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები:

  • თოვლის, ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
  • გუდაური(ფოსტა)-კობის მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია გაუჩერებლად გადაადგილების რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
  • ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე