სახალხო დამცველი მზად არის მედიაციის მონაწილე პირებს შეხვდეს და პროცესში ჩაერთოს

საქართველო, თბილისი - 18:25 | 28.03.2021
ნანახია: 519

პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის გაგრძელებას სახალხო დამცველი ეხმიანება. როგორც  განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს, მედიაციის მონაწილე პირებს შეხვდეს, გააცნოს თავისი პოზიციები და ჩაერთოს ყველა  საჭირო პროცესში

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოლაპარაკების პროცესში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული საკითხები სრულ თანხვედრაშია იმ სისტემურ გამოწვევებთან, რაზეც საქართველოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები წლებია ამახვილებენ ყურადღებას. სასამართლოს დამოუკიდებლობა და ინსტიტუციური რეფორმების აუცილებლობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება, საარჩევნო სისტემის შეცვლა - ამ საკითხებზე, საზოგადოების სამართლიან პროტესტთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაცია და ანგარიში არსებობს.

ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სისტემური გარანტიები ვერ შეიქმნება და ცვლილებები ვერ განხორციელდება პოლიტიკური დესტაბილიზაციისა და უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში. ამასთანავე, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის კრიტიკული ხმის გარეშე უკიდურესად რთულდება ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით საპარლამენტო ზედამხედველობა. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები უპირველეს ყოვლისა უნდა წარიმართოს ინსტიტუციური რეფორმების, ძალაუფლების დანაწილების, კონტროლისა და ბალანსის სისტემის, ასევე, მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების მქონე საქმეების სამართლიანი გადაწყვეტის შესაძლო კანონისმიერ გზებზე. მოლაპარაკების ყველა მხარე აღნიშნულის მისაღწევად ვალდებულია გამონახოს პოლიტიკური მზაობა და კომპრომისის რესურსი.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს მედიაციის მონაწილე პირებს, გააცნოს თავისი პოზიციები და ჩაერთოს ყველა საჭირო პროცესში, რაც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს დაბრუნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე