თუ გახარია გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, რა თქმა უნდა, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია - წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 20:58 | 25.03.2021
ნანახია: 546

გიორგი გახარია მაღალპროფესიონალი ადამიანია, თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. გარკვეული ბენეფიტიც ექნება სხვა ოპოზიციასთან განსხვავებით, რადგან გუნდს იცნობს ძალიან კარგად, - განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რადიო "იმედის" ეთერში.

წულუკიანი ამბობს, რომ გახარია არ არის ბიძინა ივანიშვილის პროექტი და ეს ეტიკეტი შეურაცხმყოფელია.

წულუკიანისვე თქმით, გახარიას წასვლა მისთვის მიუღებელი იყო, რადგან იმ დროს, ამ ფორმით წასვლა ქართული ოცნებისთვის დამაზიანებელი იყო, თუმცა , მაგრამ როგორც წულუკიანი ამბობს, გახარიას დაბრუნება გუნდისთვის დამაზიანებელი არ იქნება.

"მისი წასვლა ჩემთვის იყო ძალიან დასანანი, ძალიან გასაკვირი. მე პირადადაც ვუთხარი პირდაპირ - ეს რა ქენით ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა-თქო. ძალიან თავისუფლად გამოვხატე ჩემი აღშფოთება და მან იცის, რომ იერარქიულ ურთიერთობებში მე ყველა წესს ვიცავ და აღელვება არ მჩვევია ხოლმე, მაგრამ იმ შემთხვევაში მე მართლა ვერ შევიკავე თავი, იმდენად აღმაშფოთებელი იყო.

მისი წასვლა იყო ჩემთვის მიუღებელი. წასვლა ამ ფორმით, იმ დროს, გუნდისთვის დამაზიანებელი, მაგრამ მისი დაბრუნება ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის.

იმედია, მან იცის, რას აკეთებს, ის მაღალპროფესიონალი ადამიანია, თუ ის გამოვა პოლიტიკურ სცენაზე და როგოც ჩანს, გამოვა, რა თქმა უნდა, ის იქნება ჩვენი რეალური ოპოზიცია. გარკვეული ბენეფიტიც ექნება სხვა ოპოზიციასთან განსხვავებით, რადგან გუნდს იცნობს ძალიან კარგად", - თქვა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე