მინისტრი დღეს არის და ხვალ არ იქნება. ანიტას, პაატას თუ სხვების შემოქმედება საუკუნეებს დარჩება - წულუკიანი

საქართველო, თბილისი - 20:36 | 25.03.2021
ნანახია: 677

თუ შენ ამ დონის ხელოვანი ხარ და ქართველებს ეუბნები, რომ ვიღაც მინისტრი არ მომწონს და ჩემს შემოქმედებას არ გაზიარებ, ეს მინიმუმ, დასანანია. მინისტრი დღეს არის და ხვალ არ იქნება. ანიტას, პაატას თუ სხვების შემოქმედება საუკუნეებს დარჩება - განაცხადა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რადიო "იმედის" ეთერში საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

"ანიტა რაჭველიშვილმა და ლაშა ბუღაძემ უნდა ილაპარაკონ ის, რასაც ფიქრობენ. მათი განცხადებები ჩემს ერთ კონკრეტულ ეთერს არ მოჰყოლია. ეს პროცესი იქამდე დაიწყო. ხანდახან, ყველას გვიჭირს საქმისა და პოლიტიკის ერთმანეთისგან განსხვავება. ბატონმა პაატა ბურჭულაძემაც გააკეთა მწვავე განცხადება. მისი მაგალითი რომ ავიღოთ, ის არის უზარმაზარი მასშტაბის ხელოვანი, მაგრამ, როგორც პოლიტიკოსი, ისაა ხელმოცარული. მან თავი ჩემს კოლეგად შემომთავაზა. თავის რეალურ და ნამდვილ პროფესიაში ის ნამდვილად შეუდარებელია. ასევეა ქალბატონი ანიტაც. ანიტა ანიტაა, რაც უნდა, იმას იტყვის, მაგრამ მან არ იცის, რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი. მე ვარ ქალთა მე-5 კოლონიის პატიმარი, რადგან როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი, ქალბატონმა ანიტამ Facebook-ზე "გამასამართლა" და "ციხეში ჩამსვა". იმის მერე, "სასჯელს ვიხდი". ეს ხუმრობით. ასევე, საკანში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, ასევე, ქალბატონმა ანიტამ, Instagram-ზე თუ რომელიღაც სხვა ქსელში, გაასამართლა და ისიც "ციხეში ჩასვა". ქალბატონ ანიტას, რატომღაც, ქართველი პოლიტიკოსი ქალები არ უყვარს, ან - უყვარს, მაგრამ ჩვენ არ ვუყვარვართ. ეს არც დასაძრახია, არც - შემაშფოთებელი. ეს ნორმალური პროცესია. ეს ჩემთვის პრობლემა არაა. ისინი ილაპარაკებს იმას, რაც უნდათ, მაგრამ საზოგადოება თავად გადაწყვეტს, რა არის სწორი და რა - არა. თუ შენ ამ დონის ხელოვანი ხარ და ქართველებს ეუბნები, რომ ვიღაც მინისტრი არ მომწონს და ჩემს შემოქმედებას არ გაზიარებ, ეს მინიმუმ, დასანანია. მინისტრი დღეს არის და ხვალ არ იქნება. ანიტას, პაატას თუ სხვების შემოქმედება საუკუნეებს დარჩება", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე