აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარა ვილნიუისის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგინა

საქართველო, თბილისი - 13:08 | 28.01.2016
ნანახია: 1415

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა აჭარა ლიტვაში, ვილნიუისის საერთაშორისო გამოფენაზე „Adventur 2016” წარადგინა. გამოფენის გახსნას, რომელიც 22-24 იანვარს გაიმართა საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ლიტვაში ხათუნა სალუქვაძეც ესწრებოდა.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში განმარტავენ, მათი სტენდი გამოფენაზე განსაკუთრებული ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. გამოფენის მსვლელობისას სტუმრებს სტენდთან, გარდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამსახველი მასალებისა ქართული ღვინის, ჩურჩხელის დაგემოვნებისა და ქართულ ტრადიციულ სამოსში ფოტოების გადაღების საშუალება ჰქონდათ.

გამოფენის ფარგლებში „Adventur 2016” საგამოფენო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას ტურისტული სააგენტოს „Georgian Experience” და ურკაინის საერთაშორისო ავიხაზების წარმოამდგენლებიც ღებულობდნენ. „Georgian Experience”-მა სტუმრებს ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიები გააცნო და „თბილვინო“-ს ქვევრის ღვინოები დააგემოვნებინა, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენელმა კი ყურადღება ვილნიუსიდან თბილისსა და ქუთაისში განხორციელებულ რეგულარულ ფრენებზე გაამახვილა ყურადღება. პრეზენტაციას ლიტველი ტურ სააგენტოები, გამოფენის მონაწილეები, ტურისტები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლიტვაში საქართველო ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული მიმართულებაა, რაზეც ყურადღება დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ლიტვის ტურიზმის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა იურგიტა კაზლაუსკიენემაც გაამახვილა. შეხვედრაზე მხარეებმა აჭარის და ლიტვის ტურიზმის დეპარტამენტების ურთიერთანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

ლიტვის გამოფენის წარმატებით ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს საელჩომ ლიტვაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვილნიუსის საერთაშორისო გამოფენაში მეორედ ღებულობდა მონაწილეობას. ლიტვაში მარკეტინგულ და პიარ კამპანიებს დეპარტამენტი 2013 წლიდან ახორციელებს, რის შედეგადაც წლიდან წლამდე იზრდება რეგიონში შემომსვლელ ლიტველ ვიზიტორთა რაოდენობაც. 2015 წელს 2014-თან შედარებით აჭარაში ლიტვადან 2,8 %-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა.

რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და ვიზიტორთა მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მიმდინარე წელს 16 საერთაშორისო გამოფენაში გეგმავს მონაწილეობას, მათ შორის გერმანიაში, დუბაიში, ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე