ოპოზიცია თუ არ გაემიჯნება სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მოუწევს მარგინალიზაციის გზით სიარული - ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:48 | 25.03.2021
ნანახია: 539

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები კვლავაც თუ გააგრძელებენ დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მარგინალიზაციის გზით მოუწევთ სიარული.

ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს და მიიტანეს შეტევა ვიცე-პრეზიდენტ ბორელის მისამართით. კიდევ ერთხელ უჩვენებს, საერთოდ რა ძალასთან გვაქვს საქმე. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას და მათ დესტრუქციულ ქმედებებს. აქედან გამომდინარე, მინდა, ვთქვა, რომ დღეს ოპოზიციას დარჩა სულ რაღაც ორი არჩევანი – ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ ჩვენი უცხოელი, სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები და შევიდნენ პარლამენტში, დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი, ეს, ასე ვთქვათ, მასკარადი და აბსოლუტურად არაპროდუქტიული ქმედებები. მეორე, თუ გააგრძელებენ კვლავაც დესტრუქციული პოლიტიკის განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე