ოპოზიციის ნაწილი იმართება სააკაშვილის მხრიდან, ასეთ ვითარებაში მათ შეთანხმებაზე წამოსვლის რესურსი არ ჰქონდათ - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 09:03 | 19.03.2021
ნანახია: 493

ეს ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის ამ პირთა უმრავლესობა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი დიალოგის რეჟიმში, იმართება კიევიდან, კონკრეტული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გამოჩნდა, რომ ოპოზიციის თვითმიზანი იყო ამ მოლაპარაკების ჩაშლა.

„ამ დღეების განმავლობაში იყო წინსვლაც, თუმცა გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არ მიღწევა. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, მათ შორის ისეთიც, რომლებიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია, ასეთი ულტიმატუმები არის აბსოლუტურად მიუღებელი დიალოგის პროცესში. მე ვგულისხმობ კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. გამოჩნდა, რომ ოპოზიციის თვითმიზანი იყო ამ მოლაპარაკების ჩაშლა, რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია. ვიცით, რომ ეს სპექტრი, ყველას არ ვგულისხმობ, არის ერთი-ორი გამონაკლისი, მაგრამ ეს ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის ამ პირთა უმრავლესობა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი დიალოგის რეჟიმში, იმართება კიევიდან, კონკრეტული პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მათ ბუნებრივია, შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ, ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ ჩაშალეს საბოლოოდ ჯამში შეთანხმება“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე