ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმ ფონზე - ზალკალიანი

საქართველო, თბილისი - 12:10 | 18.03.2021
ნანახია: 425

ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმ ფონზე, როდესაც ასეთი სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი. მისი განმარტებით, ბრიუსელში გამართული შეხვედრები და შემდგომ განცხადებები იყო საჯარო, რომელთაც სურთ, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.

„თქვენ იხილეთ ის საჯარო განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ევროკავშირის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. არაფერი დამალული არ ყოფილა, შეხვედრები ინტენსიური იყო და ძალიან დატვირთული, შინაარსიანი და ჩვენს პარტნიორებს და ჩვენც გვსურს, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ შევიდეთ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში იმ ფონზე, როდესაც ასეთი სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დაუსრულებლად მიმდინარეობდეს ეს პროცესი მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეცვლილია, ვხედავთ რუსეთის უკანონო ქმედებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე, იმ საფრთხეებს, რომლებიც მომდინარეობს ამ ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენ გვაქვს გამოწვევები ისეთი მიმართულებით როგორიც არის პანდემია, მთელი ევროპა ებრძვის პანდემიის ახალ მესამე ტალღას. მოლაპარაკებები არის კომპრომისზე დამოკიდებული და მოლაპრაკებებზე წინაპირობებით ან დათქმებით წასვლა ნიშნავს მოლაპარაკებების პროცესის ჩიხში შეყვანას. ხელისუფლების მხრიდან ნება გამოხატულია და ეს არის უკვე დადებული მოლაპარაკებების მაგიდაზე. საკანონმდებლო ცვლილებები, ყველაფერი ერთად ვერ მოხერხდება თუკი ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში. ჩვენ ვიხილეთ ჯეიმს აპატურაის ძალიან მკაფიო გზავნილი ნატო-ს მხრიდან, რომ ბოიკოტი არ არის ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული დემოკრატიისთვის. ნატო-ში არ იღებენ ქვეყანას, სადაც ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ ლეგიტიმურად არჩეულ პარლამენტს, ამიტომ ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ზალკალიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე