ჩვენთვის შემაშფოთებელია მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 20:00 | 17.03.2021
ნანახია: 498

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის წევრები შეშფოთებულები არიან საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით, მათ შორის მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებით. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მოელის ამ სირთულეების გადაწყვეტას, რათა საქართველოს განაგრძოს რეფორმირება და ჰქონდეს ქმედითი პარლამენტი.

"ჩვენ მივესალმებით საქართვლოს ძალისხმევას და პროგრესს, რომელსაც ამ ქვეყანამ მიაღწია. როდესაც ეს ეხება დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცებას, რეფორმების ამოქმედებას და სხვადასხვა ინსტიტუტების მოდერნიზაციას, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში და ასევე, მართლმსაჯულების სფეროში, რაც ბოლო წლებში მოხდა. ნატო და ალიანსის წევრები ამ ძალისხმევას წლებია, მხარს უჭერენ. ეს არის ასევე ნატო-ს წევრების შეშფოთების მიზეზი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო. მათ შორის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ, რომ ეს დავა და სირთულეები გადაწყდება და შემდეგ გამოინახება გზა, რომ საქართველომ განაგრძოს რეფორმების ამოქმედება და მას ჰქონდეს ქმედითი პარლამენტი. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ევროკავშირის მედიაციის ძალისხმევას და ეს საკითხი ასევე განვიხილეთ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრთან. ასევე, ამ საკითხს ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც წამოწევენ დღეს, მოგვიანებით დაგეგმილ შეხვედრებზე", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე