ჩვენი მეგობრების პოზიციაა, რომ პარტიებმა პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელონ პარლამენტში - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:13 | 17.03.2021
ნანახია: 401

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპარლამენტში შეხვედრების დროს გამოითქვა გამოკვეთილი პოზიცია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გამონახონ საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება საქართველოს პარლამენტში  გაგრძელდეს. 

"დღეს მე მქონდა ევროპარლამენტში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები ჩვენს მეგობრებთან. იმ ხალხთან, რომლებიც არიან დაინტერესებული საქართველოს უკეთესი მომავლით. 

მათი საერთო რჩევა არის შემდეგი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამონახოს საერთო ენა და პოლიტიკური ცხოვრება ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ საქართველოს პარლამენტში. ეს არის ყველას პოზიცია. არავის არ დაუფიქსირებია განსხვავებული პოზიცია.

მე მქონდა ნაყოფიერი საუბარი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, სულ ახლახან მქონდა ძალიან საინტერესო საუბარი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ მაკალისტერთან და სხვა ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც რეალურად არიან დაინტერესებული უკეთესი მომავლით ჩვენი ქვეყნის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, დიალოგს ვაგრძელებთ, მაგრამ ყველა იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც თქვენ აქ გუშინ მოისმინეთ, რაც არის ბატონი ბორელის, ბატონი ვარჰელის. ეს არის ევროკომისიის ოფიციალური პოზიცია და პოზიცია გაახმოვანეს მათ.

კითხვები, რომელიც უკავშირდება არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელზეც ბოლო ანგარიში ვნახეთ ოდირის, მოვისმინეთ გუშინ განცხადებები ევროკავშირის, დღესაც იგივე დადასტურდა რეალურად ეს გამორიცხავს ყოველგვარ შეკითხვას და კითხვას, რომელიც ამ ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან მომდინარეობს.

აქედან გამომდინარე, მე ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი, მე რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ სააკაშვილს და მის რადიკალურ ზრახვებს და იდეებს, მე მჯერა იმ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერების, რომლებიც გადაწყვეტენ, მიიღებენ გაბედულ ნაბიჯს და შეუერთდებიან პარლამენტს, იმისთვის, რომ ხვალინდელი დღე ჩვენი მოსახლეობისთვის იყოს უკეთესი,“ -  აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე