ოპოზიცია სჭირდება პარლამენტს, დემოკრატიას, ხელისუფლებას - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 21:29 | 16.03.2021
ნანახია: 507

ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხები, რომლებიც მიშელმა მონიშნა, აქედან მინიმუმ სამი საკითხი მოითხოვს ოპოზიციის პარლამენტში ჩართვას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია არათანმიმდევრულია, როდესაც გარკვეული საკითხების გადაჭრას მოითხოვს, რასაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სჭირდება, თუმცა ამაზე უარს ამბობს.

"თვითონ ოპოზიციაც, რომელიც სამწუხაროდ, ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს, თვითონ ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიც, რომლებიც პრეზიდენტ მიშელს დაუდეს მაგიდაზე, მე შემიძლია, პირდაპირ გითხრათ... ბატონ მიშელს ჰქონდა შეხვედრები ოპოზიციასთან და ის საკითხები მონიშნა, რასაც ოპოზიცია აყენებდა მნიშვნელოვან საკითხებად. ამ საკითხებში სამი საკითხი, როგორც მინიმუმ, მოითხოვს ოპოზიციის პარლამენტში ჩართვას და როდესაც ამბობენ, პარლამენტში არ შევალთო და, მეორე მხრივ, ამბობენ, რომ ეს საკითხები მინდა, რომ გაკეთდესო, ეს არის უბრალოდ არათანმიმდევრული.

ყოველთვის არის უმრავლესობა და ოპოზიცია, ეს როლები უნდა შეასრულონ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიებმა. მეორე, ვის სჭირდება ოპოზიცია? რა თქმა უნდა, ოპოზიცია სჭირდება პარლამენტს, დემოკრატიას, სჭირდება ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ ვხარჯავთ ჩვენ ძალისხმევას და არა იმიტომ, რომ რომელიმე პოლიტიკოსი გვინდა, რომ მაინცდამაინც დავინახოთ პარლამენტში", - განაცხადა თალაკვაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე