თინა ხიდაშელი სერგეი ლავროვს პასუხობს: არავითარი საფრთხე პანკისში არ არსებობს

საქართველო, თბილისი - 18:40 | 27.01.2016
ნანახია: 1582

თავდაცვის მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, პანკისში ტერორიზმის საფრთხის შესაძლო არსებობის შესახებ. თინა ხიდაშელის თქმით, პანკისის ხეობაში ტერორიზმის საფრთხე არ არსებობს. მინისტრის განცხადებით, საქართველოს არ ჰყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც პროვოკაციას რაიმე ფორმით წამოეგება. „არ ვიცი, ვის მიუძღვნა ლავროვმა ეს განცხადება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯამში ქვეყანას მოგვიძღვნა, თუ გინდათ, მე დამაბრალეთ, არც მაგის პრობლემა მაქვს, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ის არის, რომ არავითარი საფრთხე პანკისში არ არსებობს.იმიტომ დავიარეთ ბევრი სოფელი, არ შეგვიზღუდავს ჟურნალისტები მოძრაობაში, რომ ყველას საკუთარი თვალით ენახა, თეორიულადაც კი არაფერი საფრთხის მაგვარი პანკისში არ არსებობს. პანკისი საქართველოს ისეთივე ნაწილია, როგორც სხვა ადგილი, სოფელი, რეგიონი, ხეობა. პროვოკაციები საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება. ამის დასტურია ჩვენი ხელისუფლების სამწლიანი საქმიანობა. ასეთ პროვოკაციებს ვერ აწყობს ვერავინ ჩვენს ქვეყანაში და არც ხელისუფლება ჰყავს დღეს საქართველოს ისეთი, რომელიც პროვოკაციას რაიმე ფორმით წამოეგება“,-განაცხადა ხიდაშელმა. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, საქართველოში, პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე კვლავ არსებობს. მისი ინფორმაციით, ტერიტორიას „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები საწვრთნელად იყენებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე