გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა

საქართველო, თბილისი - 20:22 | 11.03.2021
ნანახია: 737

2021 წლის 10 მარტს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ან ლინდემ საქართველოზეც ისაუბრა

თავის გამოსვლაში შვედმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა საქართველოში მის ბოლო ვიზიტის, რომლის დროსაც გამართა შეხვედრები როგორც ქვეყნის პირველ პირებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ან ლინდემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთო-ს მხარდაჭერა ჟენევის მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების მიმართ.

ან ლინდემ აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მან თავად მოინახულა საოკუპაციო ხაზი, რამაც დაანახა ადგილობრივ მოსახლეობას შორის კონტაქტებისა და კომუნიკაციის გაზრდის აუცილებლობა.

საქართველოს შესახებ ისაუბრეს გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, ესტონეთის, ნორვეგიის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც.

გაერთიანებული მიესალმა შვედეთის, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ძალისხმევას საქართველოსა და მოლდოვის საკითხებთან დაკავშირებით. ირლანდიის წარმომადგენელმა კი დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა შვედეთის მცდელობის მიმართ, რომ კონფლიქტების მოგვარება და პრევენცია იყოს ეუთოს დღის წესრიგის მთავარი კომპონენტი.

კონფლიქტის მოგვარებაში ეუთოს როლს ხაზი გაუსვა ასევე ნორვეგიის წარმომადგენელმა და შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გამო. საფრანგეთმა კი გამოხატა მხარდაჭერა ჟენევის მოლაპარაკებების მიმართ, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში.

ესტონეთის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებულ სამხედრო ძალების გაფართოების და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეწყვიტოს პროვოკაციული მოქმედებები, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტის ესკალაცია.

მან რუსეთის ფედერაციას შეახსენა 2021 წლის 21 იანვრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ადამიანის უფლებათა მონიტორინგისა და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ჰქონდეთ დაშვება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

აშშ-ის ელჩმა, საბჭოს პრეზიდენტის ქვეყნის რანგში, ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 % ოკუპაციას, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების ჩაგვრის ფაქტების წახალისებასა ან სისტემურად უგულვებელყოფას. აღნიშნა, რომ რუსეთმა სრულად ჯერ კიდევ არ შეასრულა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მათ შორის მისი ვალდებულება კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის შეუზღუდავი დაშვების შესახებ.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოუწოდა ეუთოს მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე რათა მან დაასრულოს ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე