არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, თუ ოპოზიცია არ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში - მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 12:33 | 02.03.2021
ნანახია: 459

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განმარტებით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა.

"არსებობს კონკრეტული ჩამონათვალი საკითხების, რაც ისედაც იდო მაგიდაზე, უბრალოდ, დაემატა რამდენიმე საკითხი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად მყარი პოზიცია ყველა საკითხზე. გუშინ შეხვედრიდან გამოსულმა ჩვენმა ოპონენტებმა სცადეს სპეკულირება, რომ თითქოს, იქ ვადამდელ არჩევნებზე იყო საუბარი. პირიქით, ამ საკითხზე საუბარი არ არის. არის მხოლოდ იმ შემთხვევაში და ეს ჩვენი პოზიციაა, რომელზეც მყარად ვდგავართ და მომავალშიც ასე იქნება, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ერთადერთი პირობის გარდა თუ ჩაერთვებიან კომისიის მუშაობაში და 1%-იან გადახრას იპოვიან ოცნების სასარგებლოდ", - განაცხადა მდინარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ორგანიზებით გამართულ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე, შარლ მიშელის ინიციატივით განიხილეს 6 საკითხი:

ამბიციური საარჩევნო რეფორმა - რეფორმები დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის საქართველოში;

კანონის უზენაესოება/სასამართლოს რეფორმა: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხი; იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევნები; რეფორმები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად;

პოლიტიზირებული მართლმსაჯულების საკითხის გადაწყვეტა/პატიმრების საკითხი;

პარლამენტში ძალაუფლების განაწილება: საგამოძიებო კომისია; როლებისა და პასუხისმგებლობის სამართლიანად გადანაწილება პარლამენტში;

პოტენციური ადრეული არჩევნები/მზადება მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის;

ფასილიტაცია/მედიაცია/საკითხის შემდგომი განხილვა მარტში;

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე