როგორც ასი წლის წინ, ისე ახლა, საქართველო შეუვალი რჩება ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაში - ზალკალიანი

საქართველო, თბილისი - 09:29 | 25.02.2021
ნანახია: 320

"როგორც ასი წლის წინ, ისე ახლა, საქართველო შეუვალი რჩება ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაში და ურყევად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ზალკალიანის თქმით, 100 წლის შემდეგ, დღესაც, რუსეთის ფედერაცია კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და განაგრძობს საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას.

"მოსკოვი ისევ ცდილობს საქართველოს ხელისუფლებასა და საზოგადოებაზე ზეწოლის მოხდენას და აგრძელებს ახალი სახის ბერლინის კედლით - მავთულხლართებით ჩვენი მოსახლეობის დაყოფას.

თუმცა, როგორც ასი წლის წინ, ისე ახლა, საქართველო შეუვალი რჩება ევროპული ღირებულებებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვაში და ურყევად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. დღესაც, როგორც ასი წლის წინ, საქართველოსთვის გადამწყვეტია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის როლი კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირებაში.

ოკუპაციის 100 წლისა და საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის თავზე საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციის, ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.

განსაკუთრებული წარმატება გვაქვს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია.

გლობალურ პანდემიასთან ბრძოლის პარალელურად, საქართველო განუხრელად აგრძელებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების განმტკიცებასა და განვითარებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანმიმდევრული ქმედებებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან დეოკუპაციას და საქართველო საკუთარ ღირსეულ ადგილს დაიკავებს საერთო ევროპულ ოჯახში", - წერს ზალკალიანი.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე