ქართულ ოცნებას უნდა ესმოდეს, რომ თუ ასე განაგრძობს, ფასის გადახდაც მოუწევს - დევიდ კრამერი

საქართველო, თბილისი - 22:41 | 24.02.2021
ნანახია: 647

ქართულ ოცნებას არ ეტყობა, რომ კომპრომისზე წავა, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ თუ ასე განაგრძობს, ფასის გადახდაც მოუწევს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა ფორმულასთან ინტერვიუში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააფრთხილოს საქართველოს ხელისუფლება, რომ ინდივიდუალურ სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლებსაც ამ კრიზისზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. მისივე თქმით, სანქციების სიის სათავეში უნდა იყოს ივანიშვილი, პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი და მელიას დაკავების ოპერაციაში მონაწილე სხვა პირები.

"არსებობს შეშფოთება, რომ საქართველო ავტორიტარიზმისკენ იხრება. ამიტომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააფრთხილოს ხელისუფლება, რომ სასწრაფოდ გაათავისუფლონ მელია, რომ ინდივიდუალურ სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლებსაც ამ კრიზისზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

მკაფიო უნდა იყოს ის, რომ საუბარია სანქციებზე არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული ადამიანების მიმართ. ჩემი აზრით, სიის სათავეში უნდა იყოს ივანიშვილი, პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი და რეიდში მონაწილე სხვა პირებიც.

ღარიბაშვილმა ჩაანაცვლა გახარია, რომელმაც ამ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა. ღარიბაშვილმა კი სიამოვნებით ჩაატარა ოპერაცია და ოპოზიციური პარტიების დამცირებას განაგრძობს. ქართულ ოცნებას არ ეტყობა, რომ კომპრომისზე წავა, მაგრამ უნდა ესმოდეს, რომ თუ ასე განაგრძნობს, ფასის გადახდაც მოუწევს.

თუ მიმართულება არ შეიცვლება, საფრთხე შეექმნება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს მხოლოდ იმ ხალხს გაუხარდება, ვინ კრემლში ან პუტინის სასახლეშია", - განაცხადა კრამერმა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე