კახა ქემოკლიძემ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 21:27 | 24.02.2021
ნანახია: 603

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„დადგა დრო როდესაც ზუსტად 10 წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამსახურის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, როგორც საჯარო მოხელე და ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი. სულ ვფიქრობდი რა უნდა დამეწერა, როდესაც ეს დღე დადგებოდა. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო იმ ჭკვიან, საქმეზე და ქვეყანაზე შეყვარებულ პროფესიონალებს, ქალბატონებს და ბატონებს, ღირსეულ საჯარო მოხელეებსა და ოფიცრებს, რომლებიც დღის და ღამის განმავლობაში თავდაუზოგავად მუშაობდნენ სახელმწიფო ინტერესების დაცვის, მისი შიდა და გარე მტრების განეიტრალებისა და ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის სულისკვეთებით. ბევრი მათგანი მუშაობდა ისე, რომ არ ელოდა, არც ითხოვდა აღიარებას ან განსაკუთრებულ დაფასებას. ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად (რაც ყოველთვის ორგანულია ამ სფეროში) არ ჰკარგავდნენ ენთუზიაზმს და არ იმჩნევდნენ დაღლასა და ცხოვრებისეულ ყოფით სირთულეებს, ღირსეულად იტანდნენ დაუმსახურებელ მედია, თუ შიდა სტრუქტურულ (ხანდახან სუსხიან პოლიტ-ანგაჟირებულ) კრიტიკას და აგრძელებდნენ შრომას ისე, რომ ეს საქმეს არ შესტყობოდა, “ – წერს კახაბერ ქემოკლიძე სოციალურ ქსელში.

ის მადლობას უხდის ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას და წარმატებებს უსურვებს ახალ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

კახაბერ ქემოკლიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად თებერვლის დასაწყისში დაინიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე