ეს ქაოსი დასრულდება ძალიან მალე. ასე გაგრძელება არ შეიძლება - ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:01 | 22.02.2021
ნანახია: 521

ხალხს სჭირდება პრობლემების მოგვარება და არა ამ კრიმინალებთან დაჯდომა და რაღაც დიალოგი რიგგარეშე არჩევნებზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ფრაქციის სხდომაზე განაცხადა.

"ჩვენ უნდა მივხედოთ რეალური პრობლემების გადაწყვეტას. ხალხს უამრავი პრობლემა აქვს. ამას სჭირდება მოგვარება და არა ამ კრიმინალებთან დაჯდომა და რაღაც დიალოგი თურმე რიგგარეშე არჩევნებზე. რომელ არჩევნებზე გვესაუბრებიან საერთოდ? შევახსენებ ყველას, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, როგორი არჩევნები ტარდებოდა საქართველოში 2012 წლის ჩათვლით. როგორი ტერორის ქვეშ უწევდათ ჩვენს მოქალაქეებს ხმის მიცემა. ეს ყველაფერი ხდებოდა სულ რაღაც 9 წლის წინ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ შეეხო ნაცინალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს და განაცხადა, რომ ქვეყანაში არეულობა რუსეთისა და მიხეილ სააკაშვილის ინტერესებშია.

"ყველას კარგად გვახსოვს, რომ სააკაშვილი იყო ის სამარცხვინო პირი და მთავარსარდალი, პრეზიდენტი, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იმყოფებოდა გორში. თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე კაცი გაერტყა მიწაზე, გაიქცა, მიატოვა სტუმარი, რომელიც გაოგნებული იყურებოდა. და ამის შემდეგ ეს ადამიანი, გამოდის, ჯერ კიდევ ძალადობს თავისი გუნდის წევრებზე. ზოგს კომპრომატებით აშანტაჟებს, ზოგს ძალადობით, ზოგს ფულით იჭერს და ა.შ. მეგობრებო, ეს ქაოსი დასრულდება ძალიან მალე. ასე გაგრძელება არ შეიძლება", - დასძინა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე