ივანიშვილის პასუხი ღარიბაშვილის დანიშვნით არის რადიკალიზაცია და დაპირისპირება - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 19:06 | 18.02.2021
ნანახია: 437

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობის კანდიდატად წარდგენას ეხმაურება.

სააკაშვილის თქმით, ღარიბაშვილის წარდგენა პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.

"როცა საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების დაკვეთაა მოლაპარაკება, შერიგება, თანხმობა, კონსენსუსი და ჩართულობა, ივანიშვილის პასუხი ღარიბაშვილის დანიშვნით არის გამწვავება, რადიკალიზაცია და დაპირისპირება", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამის მიზეზად მან ნიკა მელიას დაკავების ირგვლივ განვითარებული მოვლენები დაასახელა. გახარიამ აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი კანონიერი ღონისძიების აღსრულება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის, სიცოცხლისა თუ პოლიტიკური ესკალაციის რისკის ფასად.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

მოგვიანებით, "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე