კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას

საქართველო, თბილისი - 12:07 | 16.02.2021
ნანახია: 410

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს.

იურიდიული კომიტეტის წევრთაგან გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ "მოქალაქეების" წევრმა, ლევან იოსელიანმა. ხოლო საპროცედურო საკითხთა წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ახლა უკვე ნიკა მელიას იმუნიტეტის შეჩერების საკითხს კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა ეყაროს.

საპარლამენტო კომიტეტებში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერებას განიხილავენ.
საკითხს მოგვიანებით პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

გასული წლის 1-ელ ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარამდე. მელია სწორედ ამ გირაოს გადახდას არ აპირებს. პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნისთვის მიმართა.

საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი მზად არის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე