კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდეს - დავით სერგეენკო ნიკა მელიაზე

საქართველო, თბილისი - 11:05 | 16.02.2021
ნანახია: 465

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის დავით სერგეენკოს განცხადებით, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერდება.

მისი თქმით, კანონი უზენაესია და იგი უნდა აღსულდეს.

"იმუნიტეტი იქნება შეჩერებული, აქამდე მიგვიყვანა რამდენიმე ფაქტორმა: კანონი უნდა იყოს დაცული ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ადამიანი თვლიდეს, რომ მისდამი გადაწყვეტილება უსამართლოდ იყო მიღებული, კანონი უზენაესია და უნდა აღსრულდეს. მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ გადაწყვეტილება იქნება ნიკა მელიასგან კანონმორჩილი ასე ვთქვათ და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადადგმული," - აღნიშნავს დავით სერგეენკო.

საპარლამენტო კომიტეტებში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერებას განიხილავენ.

საკითხს მოგვიანებით პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

გასული წლის 1-ელ ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარამდე. მელია სწორედ ამ გირაოს გადახდას არ აპირებს. პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნისთვის მიმართა.

საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი მზად არის ნიკა მელიას სადეპუტატო უმინიტეტი მიუხსნან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე