ნიკა მელიას ადვოკატები პარლამენტში არ შეუშვეს

საქართველო, თბილისი - 10:57 | 16.02.2021
ნანახია: 405

ნიკა მელიას ადვოკატები პარლამენტში არ შეუშვეს. საკანონმდებლო ორგანოში საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მისი საქმის პროკურორს უნდა მოუსმინონ, სწორედ ამ სხდომაზე სურდათ ადვოკატებს დასწრებს.

"ეს არის სრულიად უკანონო აქტი, ჩვენ გვაქვს არამხოლოდ როგორც ადვოკატებს, მოქალაქეებსაც კომიტეტებზე დასწრების შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში ადვოკატების დასწრება სავალდებულოც კია, მხარე ხომ უნდა იყოს წარმოდგენილი, ვის აზრსაც მოისმენს. კი, გასაგებია, რომ წინასწარ გადაწყვიტეს პროკურატურის მიმართვამდე, რომ მელიას მოუხსნიან იმუნიტეტს და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იციან, სასამართლომ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მაგრამ რაღაც ფორმალური წესები ხომ არსებობს?! უბრალოდ არ მესმის, რა შიშებია, როდესაც არ ეძლევათ ადვოკატებს შესაძლებლობა, კომიტეტის სხდომაზე კითხვები დასვან, ჩამოაყალიბონ მოსაზრება, რისი საშუალებაც გარანტირებულია კანონმდებლობით და ვალდებულებაც კია", - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია "ფორმულასთან" საუბრისას.

შენობასთან პოლიციაა მობილიზებული, ასევე, შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები.

საქართველოს პარლამენტი დღეს იმსჯელებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ.

საკითხის განხილვა თავდაპირველად საპარლამენტო კომიტეტებში გაიმართება, მოგვიანებით კი პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

გასული წლის 1-ელ ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარამდე. მელია სწორედ ამ გირაოს გადახდას არ აპირებს. პროკურატურამ პარლამენტს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნისთვის მიმართა.

საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი მზად არის ნიკა მელიას სადეპუტატო უმინიტეტი მიუხსნან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე