უკრაინა ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

საქართველო, თბილისი - 19:28 | 12.02.2021
ნანახია: 370

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას, 12-ზე მეტი წლით გააგრძელოს საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის პატიმრობა.

"მსგავსი უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და რუსეთის ფედერაციის ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში. „გადაწყვეტილება“ ასევე ადასტურებს რუსეთის ჭეშმარიტ ზრახვებს, მოახდინოს დესტაბილიზაცია უსაფრთოხების და ჰუმანიტარული კუთხით როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე სრულიად რეგიონში.

რუსეთი ახდენს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზირებას და „თამაშობს“ ადამიანების ბედით, ფაქტიურად მძევლად ჰყავს ისინი აყვანილი, რათა ემსახურონ მის დანაშაულებრივ პოლიტიკურ მიზნებს. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპირება და იგი პასუხისმგებელია ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.

უკრაინა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციისგან, შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯები საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე.

მოუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიერონ საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, რათა აიძულონ მას შეწყვიტოს აგრესია საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ და მოახდინოს მათი სუვერენული ტერიტორიების დეოკუპაცია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მანამდე, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება დაგმეს და ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს ევროკავშირმა, შეერთებული შტატების საელჩომ, დიდი ბრიტანეთის საელჩომ, ნორვეგიის საელჩომ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

5 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე