საქართველო ევროკავშირის ერთიან საზღვაო უსაფრთხოების ქსელში ერთვება

საქართველო, თბილისი - 10:29 | 26.01.2016
ნანახია: 1357

2016 წლის პირველი აპრილიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აამოქმედებს საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ნავსადგურის აკვატორიებში გემების მოძრაობის მონიტორინგის ინფორმაციულ სისტემას (VTMIS) და საქართველოს ყველა ნავსადგური აღიჭურვება გემების მოძრაობის სამსახურის (VTS) ახალი მომსახურებით. VTMIS-ის დანერგვა საქართველოს პირველად მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს ევროკავშირის ერთიან საზღვაო უსაფრთხოების ქსელში (SafeSeaNet).

სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს გემების საინფორმაციო მომსახურებას, ნავიგაციურ დახმარებას, საქართველოს ნავსადგურებში მოძრაობის ორგანიზებას ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის ასამაღლებლად ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის გარემოს დაცვის მიზნით.

როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, ამ მიზნით ნავსადგურები აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკური დანადგარებით, ხოლო VTS ოპერატორები, მომზადებული და სერტიფიცირებული იქნებიან საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სისტემის შექმნა და დანერგვა კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვაო ინფრასტრუქტურის ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოებას, რადგან ამით შესრულდება საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

სააგენტოს ინფორმაციით, გემების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის კერძო მომსახურება საქართველოს ნავსადგურებში არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო მოთხოვნებით გათვალისწინებულ VTS მომსახურებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე