მეოთხე კვირაა ზედიზედ, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს - ჯანმო

საქართველო, თბილისი - 12:38 | 10.02.2021
ნანახია: 507

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 1-7 თებერვალს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17 პროცენტით შემცირდა, ხოლო გარდაცვალების - 10 პროცენტით.

„მეოთხე კვირაა ზედიზედ ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. გასულ კვირას გამოვლინდა 3 153 426 ინფიცირებული (17 პროცენტით ნაკლები, წინა კვირასთან შედარებით) და 88 369 ლეტალური გამოსავალი. 7 თებერვლის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსის 105 529 382 შემთხვევა, გარდაიცვალა 2 302 614 პაციენტი.

დაავადების მაჩვენებლის კლება განსაკუთრებით შეიმჩნევა აფრიკასა (22%-ით) და ევროპაში (19%-ით), ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (17%-ით). ამ რეგიონებში ასევე იკლო სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შესაბამისად 30%, 13% და 4%-ით. ლეტალობის შემცირება დაფიქსირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა (21%-ით) და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში (16%-ით).

ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში შვიდი დღის განმავლობაში დაინფიცირდა 1,5 მლნ-ზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 45 ათასზე მეტი პაციენტი. ევროპაში დაავადებულთა რაოდენობა 1,1 მილიონით გაიზარდა, ლეტალური გამოსავლები კი დაახლოებით 33 ათასით. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გამოვლინდა 177 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 2 500-ზე მეტი პაციენტი.

აშშ-ში ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ კვირაში 871 ათასით გაიზარდა, შემდეგ მოდის ბრაზილია (328 ათასზე მეტი), საფრანგეთი (136-ზე მეტი), დიდი ბრიტანეთი (133 ათასზე მეტი), რუსეთი (116 ათასზე მეტი), იტალია (83 ათასზე მეტი), ესპანეთი (82 ათასზე მეტი), ინდონეზია (80 ათასზე მეტი), ინდოეთი (80 ათასზე მეტი) და მექსიკა (70 ათასზე მეტი).

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე