ახლოს არის პარლამენტი, ჩავდივარ და ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდებ, შემომიერთდნენ, მარტო ნუ დამტოვებენ იმ დარბაზში - იაგო ხვიჩია

საქართველო, თბილისი - 12:49 | 09.02.2021
ნანახია: 612

ოპოზიციის დარწმუნებას, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, ყველანაირი ფორმით ვეცდები, მოფერებიდან დაწყებული, ბულინგით დამთავრებული, - ასე უპასუხა „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტების კითხვას, რა ხერხს გამოიყენებს დანარჩენი ოპოზიციის დასარწმუნებლად, თუკი „ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ნულოვანი ბარიერით დაეთანხმება.

„ყველანაირი ფორმით. „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ დადოს და რა ფორმაც იქნება საჭირო, მოფერებიდან დაწყებული, ბულინგით დამთავრებული, ყველაფერს გამოვიყენებთ.

ჩვენ ჯერჯერობით ამ თემაზე საუბარს გავაგრძელებთ „ქართულ ოცნებასთან“, რათა ხორცი შეისხას იმ შეთავაზებამ, რაზეც გუშინ ბატონი მდინარაძე საუბრობდა. ჯერ კითხვები გვაქვს, მაგალითად, გვითხრას „ქართულმა ოცნებამ“, გუშინ რაც ილაპარაკა მდინარაძემ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ მზად არის „ქართული ოცნება“, დადოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, თუ ოპოზიცია დათანხმება. თუ „ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს, აი, ახლოს არის პარლამენტი, ჩავდივარ და ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდებ, რომ შემომიერთდნენ, მარტო ნუ დამტოვებენ იმ დარბაზში. მოფერებაზეც შემიძლია გადავიდე და ბულინგზეც, გააჩნია, ვისზე რა გაჭრის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე