გერმანიამ ბელარუსის ოპოზიციის მხარდასაჭერად 21 მლნ ევრო გამოყო

საქართველო, თბილისი - 19:58 | 06.02.2021
ნანახია: 551

გერმანიამ ბელარუსის ოპოზიციის მხარდასაჭერად 21 მლნ ევრო გამოყო. ამის შესახებ განაცხადა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა ონლაინ-კონფერენციაზე „სოლიდარობა ბელარუსს“.

„დარწმუნებულნი იყავით, გერმანია და ევროკავშირი თქვენს მხარეს არის. ჩვენ შემოვიღეთ სანქციები ლუკაშენკასა და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ შევიმუშავეთ მოქმედების გეგმა „ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოება“ დაახლოებით 21 მლნ ევროს მოცულობით“, -  განაცხადა მინისტრმა ბელარუსის ოპოზიციისადმი მიმართვისას.

მისი თქმით, გერმანია სტიპენდიას შესთავაზებს სტუდენტებს, რომლებიც სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან გარიცხეს დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის. ასევე მხარდაჭერას პირდება დამოუკიდებელ მედიას. ასევე ფსიქოლოგიურ დახმარებას აღმოუჩენენ წამების მსხვერპლებს და თავშესაფარს მისცემენ დევნილ ბელარუსებს.  

„ჩვენ შევქმნით მექანიზმს მტკიცებულებების შესაგროვებლად მათ წინააღმდეგ, ვინც არღვევს ადამიანის უფლებებს. დადგება დღე, როდესაც ისინი მიეცემიან პასუხისგებაში. დადგება დღე, როდესაც ბელარუსი ხალხი იცხოვრებს დემოკრატიის, თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პირობებში“, - განაცხადა მინისტრმა.

ბელარუსში დღემდე გრძელდება მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც 9 აგვისტოს, პრეზდენტის არჩევნების შემდეგ დაიწყო. 

აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებიან და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

ევროკავშირი არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ლუკაშენკას ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე