ლიეტუვა გმობს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობას

საქართველო, თბილისი - 18:01 | 06.02.2021
ნანახია: 399

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის ოკუპირებული ცხინვალის მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოფიციალური ვილნიუსი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველად რჩება.

უწყების განცხადება Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

განცხადების თანახმად, ლიეტუვა გმობს რუსეთის მიერ კონტროლირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ უკანონო განაჩენს.

"ეს არის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების აშკარა დარღვევა", - წერია განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალებმა 11 ივლისს ფეხში დაჭრეს და დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე